მოტივატორი

            ჩემი ოთახი საერთო საცხოვრებლის პირველ სართულზე მდებარეობდა, უფრო სწორად ნახევრად სარდაფს ეკუთვნოდა, ნესტიანი კედლებითა და აქა იქ შერჩენილი ძველი შპალერით, სრულ ოთკუთხედს წარმოადგენდა. ოთახის ერთ კუთხეში სიძველისგან ფერგადასული კარადა იდგა მრავალი უჯრით. რომელიც იყო როგორც ჭურჭლის, ასევე საჭმლის და ტანსაცმლის სათავსო.  მეორე კუთხეში საწოლი იდგა, ასევე ძველი თუმცა ჩემ სიფრიფანა სხეულს მშვენივრად უძლებდა, მესამე კუთხეში იდგა პატარა ოთახისთვის ზედმეტად დიდი მაგიდა, გაფუჭებული ზოგან ამოტეხილი ზოგან კი გაშავებული ზედაპირით. მეოთხე კუთხე კი პატარა გაზის ბალონით სამზარეულოს წარმოადგენდა. საწოლზე გიტარა იდო, რომელსაც ძირითადათ მაშინ ვუკრავდი როცა მარტო ვიყავი, ანუ თითქმის ყოველ საღამოს. ოთახში ნესტის მძაფრი სუნი იდგა, უკვე ავღნიშნე რომ ეს ოთახი სარდაფს წარმოადგენდა ამიტომაც ვერ აღწევდა მზე იმ  ერთადერთ  ფანჯარაში რომელიც ოთახს გააჩნდა, ფანჯარას რომელსაც გაღებისას ახალშობილივით სათუთად უნდა მოქცეოდი, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელში მხოლოდ დამსხვრეული მინა შეგრჩებოდა. გათბობა რა თქმა უნდა არ გააჩნდა ოთახს შესაბამისად ძალიან ციოდა, ამიტომაც დროის იმ მცირე ნაწილს რომელსაც სახლში ვატარებდი აუცილებლად ვიწექი, ძირითადათ წიგნებით ზოგჯერ კი ტელევიზორით რომელიც მხოლოდ ორ არხს რუსთავი ორსა და იმედს აჩვენებდა მოწყენილობას ვებრძოდი. "ჭაღი" რომელიც ჩემს ოთახს შუქს ფენდა უბრალო, 50თეთრიან ნათურას წარმოადგენდა, ჭერიდან კი რომელიც თავის დროზე ჩემი დიასახლისის უკვე გარდაცვლილ მეუღლეს თეთრად შეეღება მუდამ თოვლის ფიფქები ცვიოდა. ხანაც სრულიად მოულოდნელად ზვავი ჩამოწვებოდა.
       სახლი ხმურიანი უბნის გზის პირას იდგა. ეს ის უბანი იყო სადაც ყველა ერთმანეთს იცნობდა და ყველას ერთმანეთი უყვარდა. ჩემს მიერ ნაქირავები სარდაფის გვერდით კი ეგრედწოდებული სამი უნივერსიტეტ დამთავრებული 40წელს გადაცილებული მამაკაცების ყოველდღიური შეკრების ადგილი მდებარეობდა. მათი საუბრები ზოგჯერ დილამდე გასტანდა და მეც სრულებით გამოუძინებელი მივემართებოდი სასწავლებელში სადაც დროის უმეტეს ნაწილს არა ლექციაზე არამედ უნივერსიტეტის გვერდით მდებარე  კაფეში ვატარებდი.
ზოგჯერ მეგობრებთან ერთად ზოგჯერ კი სრულებით მარტო. ყავითა და სიგარეტით ხელში გადავვარდებოდი ფიქრის მორევში და გონებაში ცხოვრების აზრის მოტივაციას დავეძებდი.
       თითქმის ყოველი საღამო ისევე როგორც დილა და მთელი დღე ერთნაირი იყო, დილა იწყებოდა მექანიკური გაუაზრებელი მოძრაობებით. გაღვიძებისთანავე ყავის დასხმით და მხოლოდ მისი მირთმევის შედეგად გამოფხიზლებით (პერიოდი,როდესაც ყავა ყველაზე ძლიერ ნარკოტიკს წარმოადგენდა ჩემთვის). შემდეგ იმაზე ფიქრი სამი არსებული მაისურიდან თუ რომელს ჩავიცვამდი დღეს და ასე დაუსრულებლად.
       ზაფხულის ერთ თბილ ღამეს როცა ჩემი პროფესორი მეზობლები უკვე დაშლილიყვნენ და მე ვტკბებოდი სიჩუმის სრული ჰარმონიით  რომელიც გამეფებულიყო მთელ დედამიწაზე, სადღაც ძალიან ახლოდან სუსტი მაგრამ წრიპინა ხმა ჩამესმა,  თითქოს შორიდან ისმოდა მაგრამ ამასთან ერთად აქვე, ძალიან ახლოს, თითქმის ყურთან ვგრძნობდი არსებას რაც ან ვინც ამ ხმას გამოსცემდა. საწოლის თავთან ნათურა ეკიდა რომელიც უძილობის დროს ნორმალურად კითხვაში მეხმარებოდა,  ნელი თითქმის შეუმჩნეველი მოძრაობით მოვძებნე უკუნეთ სიბნელეში ჩამრთველი, შუქი ავანთე...
      ოთო...ასე შევარქვი წრუწუნას რომელიც დავიმეგობრო და მოვიშინაურე. იმ ღამის შემდეგ როცა კედელში გაჩენილი ხვრელიდან პირველად ეწვია ჩემს მოკრძალებულ სამფლობელოს, ყოველ ღამით მსტუმრობდა, მაგიდის ქვემოთ პურს ან ყველს ვდებდი ძილის წინ და როგორც კი ჩემს ფხიზელ ძილს მისი პატარა თათების აქეთ იქეთ სიარული დააფრთხობდა, ნათურას ვანთებდი და ვუყურებდი როგორ მიირთმევდა ჩემს მიერ დატოვებულ "ნობათს" სანამ ორ თათზე დამდგარი მადიანად მიირთმევდა მე ჩემს გეგმებს ვუზიარებდი. მისი მექანიკური თავის მოძრაობა იმდენად ზუსტად ემთხვეოდა ჩემს შეკითხვებს თითქოს თავის დაქნევით პასუხებს მცემდა. მე მას ზედმეტსახელად მოტივატორი შევარქვი. მას შემდეგ ყოველ დილით გავიღვიძებდი თუ არა ჯერ ოთოს ვეძახდი მისასალმებლად, ამის შემდგომ ყავას დავისხავდი, ვიცოდი მისი საყვარელი ადგილი ის თარო იყო სადაც პურს ვინახავდი, მეც კარადას გამოვხსნიდი და ისიც მომენტალურად ისკუპებდა და გარბოდა , მე კი საყვედურს დავაწევდი გზაში
-კარგი რა ისევ? რამდენჯერ გთხოვო. თითქოს მეორედ აღარ ავიდოდა. მერე ვიწყებდით დილის საუბრებს მე ვარიგებდი ის კი საწოლის ფეხს ამოფარებული თითქოს რამის დაშავებას ვუპირებდი შეშინებული მიყურებდა და მოუთმენლად ელოდა ჩემს გასვლას რათა ისევ თავის საყვარელ ადგილას ამძვრალიყო და ჩემს არ ყოფნაში კომფორტულად მოელხინა. კარებიდან, ერთხელ კიდევ, თითის დაქნევით და ღიმილით დავუძახებდი - იცოდე ჭკვიანად იყავი და უნივერსიტეტში მივდიოდი. ჩემი და ოთოს მეგობრობა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, მე უფრო მეტს ვესაუბრებოდი, ის ნაკლებად გამირბოდა.
       ისე მოხდა რომ სამი კვირით  ჩემი სარდაფისა და მოტივატორის დატოვება მომიხდა.  მთელი დარიგებებისა და მითითებების შემდეგ კარები დავკეტე და იმ იმედით რომ თუ გარეთ გასვლა მოუნდებოდა მისივე გაკეთებული ხვრელით რომელიც სპეციალურად არ ამოვქოლე ისაეგებლებდა და ნესტიან ოთახს თავს დააღწევდა მშვიდად და იმედიანად დავტოვე.
     დაბრუნებისა და სახლში შესვლისთანავე დავუძახე თუმცა არაფრით მიმანიშნა რომ ოთახში იმყოფებოდა, კარადა გამოვხსენი, არც იქ დამხვდა თუმცა კი კარგად მოლხენილი გახლდათ ჩემი ნობათით. ხვრელიც შევამოწმე მაგრამ არც იქ იყო. გაუჩინარდა. წასულიყო. მახსოვს საწოლზე ჩამოვჯექი და იქ სადღაც ძალიან ღრმად დიდი სიცარიელე ვიგრძენი. იმ ღამეს არ დამეძინა მის გამოჩენას ველოდი მაგრამ უშედეგოდ. დილით ისევ დავუძახე მაგრამ ისევ არაფერი და ძალიან გულდაწყვეტილმა დავტოვე ჩემი სარდაფი. ასე გაგრძელდა დაახლოვებით ორი კვირა, მე მას ვეძახდი მაგრამ არ ჩნდებოდა თუმცა კი ყოველ საღამოს სახლში მოსულს მისგან გაფუჭებული ან საკვები ან ტანსაცმელი აუცილებლად მხვდებოდა.  უკვე ბრაზს ვგრძნობდი.
     ერთ სხვებისაგან არაფრით გამორჩეულ დილას კარადა, სადაც ტანსაცმელს ვინახავდი  გამოვხსენი, იქედან უშველებელი "რაღაც" ამოხტა და ზედ ტანზე გადამირბინა.  განწირულმა დავიკივლე და ფანჯრის რაფაზე შემოვხტი, გაუბედურებულმა ფანჯარამ ჩემს სიფრიფინა სხეულს ვერ გაუძლო და ჩაიმსხვრა,  სასწაულით გადავურჩი სრულ დასახიჩრებას, ისევ ჩემმა მსუბუქმა სხეულმა მიშველა და მინის სეტყვას გვერდით გავექეცი.  ის უშვებელებელი რაღაც კი ოთახის შუაგულში არხეინად იჯდა თუთქოს არაფერი მომხდარიყოს, არც ხმაურს დაუფრთხია და არც ჩემს კივილის.  კარგად დავაკვირდი.. ოთო? რამხელა გაზრდილხარ, ხმაში შიში შემეპარა და მუხლებში ძალას ვეღარ ვგრძნობდი. ოთახს მოვუარე და კარებიდან შესვლა ვცადე მაგრამ ის ისევ იქ, გაუნძრევლად იჯდა და თუთქოს მუქარით სავსე თვალებით მიყურებდა. სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე ქვა ვესროლე და ისიც ხვრელში გაუჩინარდა, ყოველშემთხვევაში მე ასე მეგონა. აკანკალებულმა სასრაფოდ ამოვქოლე ხვრელი. ვგრძნობდი სხეული როგორ მიცახცახებდა. იმ ღამით ცუდად მეძინა. სულ ვირთხები მელანდებოდნენ მათი ბოროტი თვალებითა და საზიზღარი შესახედაობით. უცებ კი ყველა ბედნიერებასთან ერთად საბანზე ფეხების მხარეს სიმძიმე და მოძრაობა ვიგრძენი, წამის მეასედში მეგონა დაძაბულობისგან რეფლექსები გამიმძაფრდა მაგრამ როცა ნამდვილად ვიგრძენი რომ სიმძიმე ზევით მოიწევდა წამში წამოვხტი და ხელში ადიელაში გახვეული ჩემი მოტივატორი შემრჩა.  ისე ვკანკლებდი მეშინოდა ადიელა არ დამვარდნოდა, ოთო კიდევ თავის გადასარჩენად აქეთ იქეთ აწყდებოდა ჩემს მიერ ტომრად ქცეულ ადიელას.  ოთახს თვალი მოვავლე, წარმოდგენა არ მქონდა რა მექნა.  მერე გაზს გავხედე. საკუთარ თავს ვეუბნენი -არა! მაინც მივედი, ქვაბი დავდგი წყალი ჩავასხი, ადიელა შიგნით ჩავდე, გაზს მოვუკიდე, ქვაბს თავი დავახურე და ზედ გაფუჭებული მაგრამ ამ შემთხვევისთვის გამოყენებადი ძველი, ძალიან მძიმე მაგნიტოფონი დავადე.  გარეთ გავედი. მშვიდი ღამე იყო, ვარსკვლავებს მოეჭედა მთელი ჰორიზონტი. სიგარეტს მოვუკიდე და მხოლოდ მაშინ ვიგრძენი როგორ მინელდა სხეულის კანკალი. კარგა ხანს მესმოდა ქვაბიდან ამოსული ხმაური. მაგრამ სახლში მხოლოდ მაშინ შევედი როდესაც მომაკვდავი ცხოველის თავის გადარჩენის უშედეგო ბრძოლა შეწყდა. ქვაბისთვის თავი არ ამიხდია ისე გამოვიტანე გარეთ, ვიფიქრე ნაგვის ურნაში ჩამეგდო ქვაბთან ერთად ჩემი მოტივატორი  მაგრამ გადავიფიქრე. მთვარე კარგად ანათებდა არემარეს.  ჩემი დიასახლისის საკუჭნაოში ბარი მოვძებნე, სახლის უკან ორმო ამოვთხარე და ქვაბი შიგ ჩავმარხე.
მერე კიდევ ერთი ღერი მოვწიე, ოთახში შევედი, დავწექი და დილამდე ღრმად მეძინა არც მოტივატორი დამსიზმრებია.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სიჩუმის ზღვარი

სასიმინდე

კატა :) :) :)