სასიმინდე

სახლი სადაც გავიზარდე იმდენად ვეებერთელა იყო ადამიანთა იმ რაოდენობისთვის რომლებიც ამ სახლში ვცხოვრობდით, რომ ძალიან მარტივად შესაძლებელი იყო დღე ისე გასულიყო საკუთარი ძმა ვერც მენახა.  მაღალი ჭერით, განუსაზღვრელი რაოდენობის ოთახებითა და გარს შემორტყმული ვეებერთალა ხეებით ოდნავ საშიშსაც კი ხდიდა მას, მაგრამ ამასთან ერთად საინტერესოს. სახლს გარშემო დიდი აივანი ერტყა რომელიც თავის დროზე სანამ მიწათმოქმედი ბაბუაჩემი ჯერ კიდევ ამძიმებდა თავისი არსებობით დედამიწას, დაფარული იყო ულამაზესი ტალავერით. ყურძნით დახუნძლული აივანი იყო ის ადგილი რომელსაც გაღვიძებისთანავე ვხედავდი და საოცარ სიმშვიდეს და ჰარმონიულობას მძენდა. უშველებელი ეზო, ლამაზად მოვლილი მდელოთი, ხილის ნაირსახეობებითა და პირუტყვის სრული აღრევით. ეს ის ყველაფერი იყო რაშიც ბაბუაჩემს ბადალი არ ყავდა.
     სახლის უკან მაღალ ფეხებზე სასიმინდე იდგა, სადაც ბაბუჩემს მოთავსებული ქონდა ათასგვარი ხარახურა. ტომრებში მოთავსებული სიმინდი ზამთრის მარაგისთვის, დიდ ბოცებში ჩასხმული სისხლისფერი ღვინო რომელსაც თავად ხდიდა, ჭერში დაკიდებული შებოლილი ვიჩინა, კუთხეში ბუდეც კი ქონდა ქათმებს გაკეთებული საიდანაც ჩემს ძმას ყოველ დღე სხვა და სხვა რაოდების კვერცხი ჩამოქონდა. მახსოვს ის სუნი რასაც ეს ყველაფერი ერთად წარმოქმნიდა. სიმინდის, ვიჩინის, ღვინისა და თბილი კვერცხის ნაზავი. ოდნავ მჟავე, ოდნავ მწარე, შეიძლება ითქვს სურნელთა ნაზავის სრული უჰარმონიულობა სუფევდა ამ პატარა მაგრამ ჩემთვის ძალიან საყვარელ სასიმინდეში.
     როცა პირველად აღმოვაჩინე, ან არც აღმოვაჩინე უბრალოდ ვიგრძენი რომ ათი წლის ასაკში ყოფნის მიუხედავ საკმაოდ მძიმე შინაგანი ფიქრები და შეგრძნებები დაპატრონებოდა ჩემს გონებას, სწორედ იმ დღეს პირველად ავედი ამ სასიმინდეში და მას შემდეგ ეს ადგილი იქცა ჩემს მყუდრო თავშესაფრად. აქ ვახერხებდი გარე სამყაროს სრულებით მოვწყვეტილიყავი და ოცნებათა დაუსრულებელ ოკეანეში მშვიდად მეცურა. განა რა ოცნება უნდა მქონოდა ათი წლის ასაკში მაგრამ ვოცნებობდი. უფრო სწორად ვცურავდი. ზოგჯერ გიჟად წარმოვიდგენდი თავს, ზოგჯერ უცხოპლანეტელად, ზოგჯერ პოეტი ვიყავი,  უფრო ხშირად კი უბრალოდ მივწვებოდი სიმინდის რომელიმე ტომარაზე და თვალებზე დაწოლილი რული, სრულ სიბნელეში მაგდებდა.
     სასიმინდე არა მხოლოდ განტვირთვის ადგილი იყო ჩემთვის არამედ თავშესაფარიც, თავშესაფარი ყველასგან და ყველაფრისგან, განსაკუთრებით კი ჩემი ჭკუიდან გადასული ბაბუას უცაბედი აგრესიებისგან. მისი მძიმე ხელისგან თავის დასაღწევად სასიმინდე ერთადერთი ადგილი იყო სადაც თავს სრულიად დაცული ვგრძნობდი, მთავარი იყო კიბემდე მიმესწრო შემდგეგ კი ვიცოდი სამშვიდობოს ვიყავი. ასაკის სიძაბუნე უკვე მორეოდა და მკლავის ძალის მიუხედავად ფეხები ისე არ ემორჩილებოდა რომ იქ ამოსვლა შესძლებოდა. ერთი ორი საათის შემდეგ კი ჩემი ლოდინი სწყინდებოდა და იქაურობას ეცლებოდა.
    ზაფხულის ერთ ცხელ ამინდში, ძილში, სადრაც ძალიან შორიდან მესმის ქალის სასოწარკვეთილი ხმა
-უშველეთ, მოკლავს. მახსოვს თვალები გავახილე და სმენა დავძაბე, სწორედ ამ დროს გავიგონე კარის შემომტვრევის არაამქვეყნიური ხმა. გულის ცემა ყელში ვიგრძენი და ლამის დამახრჩო შიშით გამოწვეულმა ადრენალინმა. წამის მეასედში მოვასწარი საწოლიდან წამოხტომა და მეორე სართულის ფანჯრიდან უკანმოუხედავად გადმოვხტი, ვერაფერს ვხედავდი, ვერაფერს ვგრძნობდი, არაფერი მესმოდა საკუთარი გულის ცემის გარდა, ჰაერი არ მყოფნიდა, გონებას ვკარგავდი.
    იმ დღეს ბაბუაჩემსს სულიერი აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს  (სიბნელის შიში, გარღვევა მეხსიერებაში, დევნის მანია, არაადეკვატური ქცევები, ჰალუცინაციები). და სწორედ ამ დღიდან დაიწყო ჩემი და და სასიმინდის უფრო მჭიდრო სულიერი თუ ფიზიკური კავშირი. ისიც უნდა აღინიშნოს რომ ამ დღიდან ბაბუაჩემი მალევე მიეჯაჭვა საწოლს და მას შემდეგ მისი მძიმე ნაბიჯების ხმა აღარ მეწეოდა შიშით გაქცეულს მაგრამ, ახლა გაცილებით მეტ დროს ვატარებდი სასიმინდეში ვიდრე ოდესმე.
    მძიმე ორკვირიანი ავადმყოფობის შემდეგ ბაბუა გარდაიცვალა და რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს სწორედ მე ვიყავი ის ადამიანი ვინც მისი გაჩერებული პულსი შიშით შეამოწმა.  მერე ოთახი დავტოვე, ბებია მოვძებნე და ჩუმად ვეუბნები.
-ბე მორჩა როგორც შენი ასევე მისი წამებაც.  თავიდან ვერ მიმიხვდა რას ვეუბნებოდი, თუმცა როგორც კი გაიაზრა, მაისური რომელსაც რატომღაც როგორც თავსაფარი ისე იყენებდა,თავიდან წაიძრო, აივანზე გავარდა და მოყვა წივილ-კივილს. მეზობლებს ეძახდა საშველად უკვე გარდაცვლილი ბაბუას გამო,თითქოს ამ კივილით რაიმეს გაკეთება შეძლებოდა გარდა იმისა რომ ჩემი პატარა ძმა დაეფრთხო. ხუთი წუთიც კი არ დასჭირვებია რომ ეზო ხალხით ავსებულიყო.  საშველად მოვიდნენ...  ჯგუფებად დაიყვნენ. ერთი ჯგუფი ბებიას აწყნარებდა, მეორე ჯგუფი იქვე მანდარინის ხესთან ატუზულიყო, რომელიღაცა მეზობლის პირადი ისტორიის განხილვით იყვნენ დაკავებულნი, თანაც მადიანად შეექცეოდნენ ჩემი გარდაცვლილი ბაბუას მძიმე შრომის შედეგად გახარებული მანდარინის ნაყოფს, ქერს კი იქვე ლამაზად გაკრეჭილ მდელოზე ყრიდნენ.  მესამე ჯგუფი გასვენების საკითხის მოგვარებით იყო დაკავებული. ერთ რამედ ღირდა მათი ცქერა.
    თვალებით მოვძებნე ჩემი პატარა ძმა, იქვე, სახლის გვერდით თანატოლებთან ერთად გაგორებულიყო თივაში და თამაშობდა. მივედი და შუბლზე ვაკოცე. მერე ბებიასთან მივედი, უკვე მოუსწრიათ მეზობლებს მისი დამშვიდება.. წყნარად იჯდა. ხელები მუხლებზე დაეწყო. მზერა სადრაც ძალიან შორს გაყინვოდა. უსასრულო სიცივე და სევდა მაგრამ ამასთან ერთად ხსნა ჩასდგომოდა ნატანჯ თვალებში, საოცარი ქალი იყო, წელში მოხრილი, უამრავი ნაოჭით, დაკოჟრილი ხელებითა და ჭაღარა თმით, ნატანჯი წარსულითა და მძიმე გზით მაგარამ  ულამაზესი... უძრავად იჯდა მხოლოდ თავს აქნევდა აქეთ-იქეთ.
-ბე რამე ხომ არ გინდა? ვეკითხები და ვეხვევი. ზუსტად ისე როგორც ყოველთვის, ჩემი ხელები თავის გაუხეშებულ ხელებში მოიქცია აკოცა და მეუბნება.
-ბაბუას რომ დავკრძალავთ, სასიმინდე დავალაგოთ, ისე როგორც შენ გინდა. გამიღიმა და გულში ჩამიკრა.

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სიჩუმის ზღვარი

კატა :) :) :)