კატა :) :) :)


   ღამეული ფიქრებიდან ჯერ კიდევ გამოურკვეველს, ჩემი დის საზიზღარი კატა ფეხებქვეშ თავისი გაფუებული კუდის ხახუნით მთელი დღის განწყობას სახე მონგრული იერსახით მაწყებინებს. არ მიყვარს ცხოველები, განსაკუთრებით კი კატები.
-მოაშორე აქედან ეს კატა, რამდენჯერ გთხოვო. გავძახი საპირფარეშოში შესულ ანას.
-ნერვოზი გაქვს. ისმის შიგნიდან აუღელვებელი ტონი. ცარიელი ყავის კოლოფს სინანულით დავცქერი და მახსენდება რომ უკვე მეხუთე დღეა ყავის ყიდვა მავიწყდება.  აივანზე გავდივარ და გამოსაფხიზლებლად სხეულის გრეხვას ვიწყებ.
ავტომობილებით გადაჭედილ ეზოს დაშლილი ნაწილების ნაგავსაყრელის იერი უფრო აქვს ვიდრე კორპუსის ეზოსი.  კარზე ზარია.  უხალისოდ მივდივარ და გზად საფულეს ვიღებ,  კარს ვაღებ, მეზობელს ვუღიმი და ქირის  ფულს  ვაწვდი.
-დამინახეთ?  ამბობს და თან ფულს ითვლის.
-არა, მაგრამ დღეს 10 რიცხვია. ვამბობ ღიმილით შემდეგ კი ვამატებ.  სხვა ვერავინ იქნებოდა ამ დილა ადრიან თუ არა თქვენ. სათვალეს ისწორებს და გვერდით კარებში  უჩინარდება. პირსახოცშემოხვეული ჩემი და სველ სხეულზე გაფუებულ კატას იკრავს და მთელ სახლში მისი შემზარავი კრუტუნი გაისმის.
-გეხვეწები მოაშორე. ვეუბნები ზიზღნარევი ხმით. ხმას არ მცემს ოთახში ისე შეყავს. მერე კარს კეტავს და  კატასთან მონოლოგს იწყებს. სამსახურიდან ერთი კვირის წამოსული ვარ, თუმცა ამას არ ვდარდობ, დანაზოგი რომელსაც თავი მოვუყარე ცოტა ხანს ნამდვილად მეყოფა თავის გასატანად. ჩემი დაც მუშაობს საკმაოდ ნორმალურ ადგილას ასე რომ დილას ვაკანსიების ძებნით ნამდვილად არ ვიწყებ. ტელევიზორს გასართობ არხზე ვაჩერებ და სავარძელში ვეშვები. უსაქმოდ ყოფნას გადაჩვეული სხეული სულ ძალს ითხოვს მეც არ ვეწინააღმდეგები და მაშინ ვიძინებ როცა ეს ძილს სურს. ახლაც თვალებს ვხუჭავ და ჩემი დის სახლიდან გასვლას ვერ ვგებულობ.
თვალს ვახელ ჩემს წინ კატა ზის, მაგრამ არა ისეთი როგორიც მახსოვს, სამჯერ დიდი მაინც იქნება, შავი, უშველებელი ულვაშითა და სხვადასხვა ფერის თვალებით, თავი მარცხენა მხარეს გადაუგდია და ორ ფეხზე ისე დგას ადამიანსაც რომ გაუჭირდება დგომა.
-რას მიყურებ. ვეუბნები და ფეხებს ვკეცავ.  ის კი ისევ დაჟინებით  მიცქერს. -გაიწიე რა. ვეუბნები და საკუთარი ხმის შეცვლა მაშინებს, შიშით ლამის ავტირდე.
-მშია. ამბობს კატა. თითები მეკრუნჩხება და გონებას ვკარგავ. არ ვიცი გონს მოსასვლელად რა დრო დამჭირდა, მაგრამ თვალებს ვახელ, იატაკზე გაშოტილი წამოდგომას ამაოდ ვცდილობ, ჩემ სხეულზე მოკალათებული კატა თვალებში მიყურებს.  არ ვიცი რომელ თვალს შევხედო, ცისფერს, თუ მწვანეს.  ისევ ვითიშები.
-ადექი. რა დაგემართა.  მეკითხება ანა და წამოდგომაში მეხმარება.
-ის ლაპარაკობდა.
-ვინ?
-შენი კატა.
-ბოდავ,  სიცხე ხომ არ გაქვს. ამბობს ჩემი და და თერმომეტრის მოსატანად მიდის.  კატა კართან ზის. დაპატარავებული,  ორივე თვალი ყავისფერი აქვს, მაგრამ იცინის, აშკარად იცინის.
-მოაშორე, ვეუბნები ოთახში დაბრუნებულ ანას.
-მოკეტე. ამბობს კატა.
-თერმომეტრი ძირს ვარდება და პატარა პატარა ბურთებად ქცეული ვერცხლის წყალი აქეთ იქეთ გორაობას იწყებს. კატა იცინის, მაგრამ ამჯერად ხმამაღლა. -მშია, ამბობს ის.
ჩემი და ეცემა. - კარგი ხო, თავად მივხედავ ჩემ თავს ამბობს კატა და სამზარეულოში გადის. მაცივარს აღებს. იქედან ერბო კვერცხს იღებს და ტაფაზე მოხერხებულად ახლის. მერე მაგიდასთან ჯდება და ადამიანივით შეექცევა. ამ ხნის მანძილზე იატაკზე გაშოტილი გონდაკარგული ანა არც გამხსენებია, კატას თვალს ვერ ვაშორებდი.
-რა დამემართა,  ამბობს ანა და დგება. კატას უყურებს, მერე მზერა ჩემზე გადმოაქვს,  მერე ისევ კატას უყურებს...
-კარებს რატომ არასდოს კეტავ?  მესმის ანას ხმა. სავარძლიდან ყვირილით ვდგები. - რა ჯანდაბა გაღრიალებს ამბობს ის და  კატას ეფერება.
-მოაშორე აქედან რა. ვეუბნები მუდარით.
-ნერვოზი გაქვს. ამბობს ანა და ოთახიდან გადის, კატა თვალს არ მაშორებს, ისევ  იღიმის..
მთელ ღამეს ეშმაკისეულ ფიქრებთან ბრძოლაში ვატარებ, კატის საუბრისა და სხვადასხვა ფერის თვალების გახსენება სრულ აგონიაში მაგდებს. რეალურსა და წარმოსახვას შორის სრულებით ვიკირგები და ლაბირინთიდან გასასვლელ გზას ვერაფრით ვპოულობ. უსასრულოდ გაგრძელებულ ღამეს გათენების პირი არ უჩანდა და ეს კიდევ უფრო მიფორიაქებდა ისედაც აშლილ გონებას, საკუთარ წარმოსახვასთან ბრძოლაში მზე უკვე კარგა ხნის ამოწვერილი იყო როდესაც ჩამეძინა.
  ფანჯრიდან შემოპარული მზის სხივები თვალებში მითამაშებს და მათგან თავის დაცვას ბალიშის საშუალებით ვცდილობ. საძინებლის კარები იღება.
-ყავა გინდა? მეკითხება წვრილი  ხმა, რომელიც ანას ხმას აშკარად არ გავს. ფრთხილად ვიხედები ბალიშის ქვემოდან. კატა ორ ფეხზე დამდგარი შემოდის და ჩემთვის ყავა შემოაქვს. საწოლზე შიშით ვხტები, ბალიშს სახეზე ვიფარებ და ლოცვას ვიწყებ. -მგონი ისეთია როგორიც გიყვარს. ახლა უფრო ახლოს მესმის ხმა. გამომართმევ თუ არა? ბალიშს გვერდით ვდებ, კატას ვაკვირდები და შემდეგ ფრთხილად ვართმევ ფინჯანს. მიყურებს. -არ გასინჯავ?  ამბობს ის. ყავა აცახცახებულ ტუჩებთან მიმაქვს და სიმწრით ვსვამ ერთ ყლუპს.
-გემრიელია. ვამბობ მე.
-კარგი მიირთვი, მე წავალ და საუზმედ რამეს მოგიმზადებ. ამბობს და ოთახიდან გადის.
-არ შეწუხდე. გავძახე ოთახიდან.
-არ ვწუხდები. ისმის სამზარეულოდან.  თვალებს ვხუჭავ, ისევ ვახელ, ისევ ვხუჭავ და ასე ვაკეთებ დაუსრულებლად სანამ არ ვხვდები რომ რეალობაში ვიმყოფები, ყავა მართლა გემრიელია, ბოლომდე ვსვამ, ხალათს ვიცვამ და ფრთხილი ნაბიჯებით გავდივარ ოთახიდან, კატა მისაღებში სავარძელში ჩამჯდარი, გაზეთით ხელში მხვდება, მიღიმის, მერე კი ამბობს.
-ჩვენი ქვეყანა გადაშენების პირას არის. ოფლი მასხავს მაგრამ მალევე ვმშვიდდები.
-მართალი ხარ, ვპასუხობ სიმწრით და სამზარეულოში გავდივარ. ლამაზად გაშლილ მაგიდაზე დილის საუზმის დანახვა თვალებს მიბნელებს და სკამის საზურგეს ვეყრდნობი. კატა შემოდის.
-აბა, ამბობს ის, რაღას უცდი მიირთვი.
-არ მშია.
-უნდა ჭამო. ვჯდები და ჭამას ვიწყებ. ფიქრებს თავს ვერ ვუყრი და თავის ტკივილი მეწყება, საფეთქლებში მოწოლილი სისხლი სულს მიდუღებს, თავს ძალას ვატან და კატას კითხვას ვუსვამ.
-ანამ იცის?
-რა. ამბობს ის თან პურს კარაქს უსვამს და თეფშზე მიდებს.
-შენ შესახებ. მიყურებს, იღიმის.
-ვერ მხედავს.
-მე რატომ გხედავ?
-არ ვიცი. დღეს რა გეგმები გვაქვს, საუბრის თემას ცვლის.
-ცოტა ხნით უნდა გავიდე. ხომ არ გეწყინება. ოთახიდან უხმოდ გადის. ეწყინა.  ხელს რაც მყვება ვიცვამ და კისრისტეხით გავრბივარ.  გარეთ გამოსული ფილტვებში ჰაერს ღრმად ვუშვებ და თავის ტკივილიც ოდნავ მიყუჩდება. მისი თვალები, მისი საუბარი ამ ყველაფრის თავიდან ამოგდებას ამაოდ ვცდილობ და საკუთარ მესთან ჩხუბში დრო ისე გადის ვერ ვხდები. ბოლოს გადავწყვიტე შევეგუო ჩემი დის  კატის ადამიანურ ქცევებს, ვის ყავს მოლაპარაკე კატა რომელიც ორ ფეხზე დადის და ყავას საწოლში გართმევს,  საუზმეს გიმზადებს და ქვეყნის ავბედითობაზე გესაუბრება.  ეს ხომ საოცარია, დაუჯერებელი მაგრამ საოცარი, შიში სადღაც სამარდება და მასთან კომუნიკაციის გაუსაძლისი სურვილი სხეულში ისადგურებს. სახლში აღელვებული ვბრუნდები.  კარს ფრთხილად ვაღებ. სამზარეულოში ანა ფუსფუსებს, საათს დავხედე, ძალიან ადრე დაბრუნებულა.
-აქ რას აკეთებ? ვეკითხები და თან თვალებით კატას ვეძებ.
-ადრე წამოვედი. რას ეძებ?  მეკითხება რადგან ჩემი თვალების ცეცება არ ეპარება.
-შენს კატას.
-გავაჩუქე. ამბობს ძალიან მშვიდად. შენ ხომ ეს გინდოდა. ხმას ვერ ვიღებ, მხოლოდ ცრემლს ვგრძნობ სახეზე რის დაფარვასაც მისთვის ზურგის შექცევით ვცდილობ.
-შენ ხომ გიყვარდა ის, ვამბობ გაბზარული ხმით შეგეძლო არ გაგაგეჩუქებინა, ან საერთოდ  შეგიძლია დააბრუნო,  მართლა არ ვარ წინააღმდეგი. ამ სიტყვებს გაბადრული სახით ვეუბნები და მისკენ ვტრიალდები. ანა ეჭვნარევი მზერით მიყურებს.  თვალებს ვხრი.
-უკვე გავაჩუქე. ამბობს ის და ოთახიდან გადის. სკამზე ვჯდები და კატაზე ვფიქრობ. შეგრძნება რომელიც მეუფლება სრულიად ახალია ჩემთვის, თითქოს იქ შიგნით ვიღაც შემიძვრა და ყველა ორგანო დამისახიჩრა. იმ ღამეს ვერ დავიძინე,  ვერც შემდეგ ღამეს, ვერც იმის შემდეგ ღამეს. მოსაუბრე კატა მუდამ ჩემს ირგვლივ ტრიალებდა, ჩემს გონებაში იმაზე მეტი ადგილი დაიმკვიდრა,  ვიდრე სხვა დანარჩენმა ადამიანებმა. გავხდი. სამყაროს სრულებით გამოვეთიშე.
   ერთ საღამოს ფანჯრის წინ ვიჯექი, როცა ფიქრებში მოფარფატე კარზე ზარის დარეკვამ გამომაფხიზლა. კარს უხალისოდ ვაღებ.
-გამარჯობა, ამბობს კატა. მისი დანახვა ისტერიკაში მაგდებს და ოთახებში შეშლილივით ცეკვას ვიწყებ. -გაჩერდი ამბობს ის. ვჩერდები. -ჩემი ახალი პატრონი სხვა ქალაქში გადადის საცხოვრებლად და მეც თან მივყავარ,  არ მინდოდა დამშვიდობების გარეშე წავსულიყავი. იატაკზე ვჯდები.
-მე კი მეგონა დაბრუნდი. მან იცის როგორი ხარ?
-როგორი ვარ?
-შენ ლაპარაკობ,  შენ მე მეკონტაქტები, როგორ თუ როგორი ხარ, უნიკალური ხარ, შეუდარებელი ხარ, საკუთარი სიტყვები ადრენალინში მაგდებს.
-მე ჩვეულებრივი ვარ, ამბობს ის. რაღაც გეჩვენება. დაჟინებით ვუცქერ.
-ხო. ვამბობ ბოლოს. შენ ჩვეულებრივი ხარ, კეთილ მგზავრობას გისურვებ. ის მიდის.  მე დიდხნს ვზივარ იატაკზე და მასზე ვფიქრობ. -ჩვეულებრივია, ჩვეულებრივია. გავიძახი გონებაში. მერე არაფერი არ მახსოვს,  რომ გავიღვიძე ანა ტელევიზორს უყურებდა მე კი ისევ დამეძინა..

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

სიჩუმის ზღვარი

სასიმინდე